Close Encounters 2021 - მულტიპლიკაცია
Lenø Records
ფესტივალის გახსნითი კონცერტი
უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, რაც Close Encounters შვეიცარიასა და საქართველოში ერთ სივრცეში უყრის თავს ორივე ქვეყნის როგორც ახალგაზრდა, ისე უკვე შემდგარ და წარმატებულ მუსიკოსებს. 2005 წელს დაფუძნებული ფესტივალის თავდაპირველი მიზანი იყო - მუსიკის სხვადასხვა თაობათა, ტრადიციათა, განსხვავებულ ესთეტიკურ მრწამსთა, სტილთა თუ ტექნოლოგიურ აზროვნებათა ერთ სივრცეში, ერთ მრავალფერ სპექტრად თავმოყრა, დროთა განმავლობაში კი იგი განვითარდა უაღრესად მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენად, რომელსაც მუსიკის დღევანდელობის პულსზე უდევს ხელი საქართველოში, შვეიცარიაში, ამ ქვეყნების ფარგლებს გარეთაც და მუსიკალურ სამყაროთა შორის დიალოგს უწყობს ხელს.
წლევანდელ ფესტივალს ხსნის ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელზეც ქართული მუსიკალური ავანგარდის ამ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის ნაწარმოები შესრულდება - წლების მანძილზე დაკარგული და ახლახანს აღმოჩენილი “მულტიპლიკაცია”, 12 ფორტეპიანოსთვის ან, ალტერნატიული ვერსიით, ფორტეპიანოსა და მაგნიტური ფირისთვის. ამ მაგნიტოფონური ვერსიის სტუდიური ჩანაწერი 2021 წელს შეიქმნა პიანისტ თამრიკო კორძაიას შესრულებით და სწორედ ეს პრემიერა ედება საფუძვლად ფესტივალის პირველ საღამოს, რომლის სრული პროგრამა ასე გამოიყურება:
პროგრამა:
მიხეილ შუღლიაშვილი (1941–1996, საქართველო)
– მულტიპლიკაცია (1977–1979) 12 როიალის ან როიალისა და ფირისთვისფესტივალი გთავაზობთ ნაწარმოების 12 არხიან ინსტალაციურ ვერსიას (პრემიერა)
ქრისტიან მიულერი (*1971, შვეიცარია), ლაიველექტრონიკა
– იმპროვიზაცია
კეთი ვან ეკი (*1979, შვეიცარია/ჰოლანდია)
– Song No 3 (პრემიერა)
რეზო კიკნაძე (*1960, საქართველო/გერმანია), საქსოფონი, ლაიველექტრონიკა
– იმპროვიზაცია
მარიამ ღვინიაშვილი (*1989, საქართველო/ნორვეგია)
– Allotropy (2020)
ასაკობრივი შეზღუდვა არ არის