ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი

აღწერა

2022 წლის 23-31 ივლისს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით მართავს ბათუმის რიგით მეცხრე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს.

ფესტივალის დამაარსებლის, სამხატვრო ხელმძღვანელის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის - ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გახსნითი კონცერტი არის საქველმოქმედო და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.

ცხრა დღის განმავლობაში ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტურობას და მნიშვნელობას.

საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან ნორჩ მუსიკოსებს ეძლევათ უნიკალური საშუალება მიიღონ მონაწილეობა ფესტივალში და წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, გამორჩეულები კი რეგულარულად მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

23 ივლისს ფესტივალი გაიხსნება საქველმოქმედო გალა კონცერტით უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, რომელიც გადაიცემა ფესტივალის ექსკლუზიური საინფორმაციო პარტნიორის POSTV-ის პირდაპირ ეთერში.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.

10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ თან უნდა ახლდეთ სრულწლოვანი პირი.