ეს ჩვენ ვართ

იქ სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება, უძველესი კულტურა კი თანამედროვეობას ერწყმის მდებარეობს ქვეყანა, საქართველო - განთქმული თვალწარმტაცი პეიზაჟებით და ულამაზესი კუთხებით, რომლებიც შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას გთავაზობთ.

ეთოსი

აღმოაჩინეთ საქართველოს იდუმალი ლეგენდებითა და შთამბეჭდავი ისტორიებით სავსე უძველესი კულტურა. გაიგეთ პირველი ევროპელების, ზეზვა და მზიას შესახებ, იმოგზაურეთ მედეასა და ოქროს საწმისის ქვეყანაში და დატკბით უნიკალური არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით.

ზეზვა - მზია

ზეზვა და მზია, საქართველოს, კერძოდ კი დმანისის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, უძველესი ადამიანების სიმბოლური სახელებია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 1.8 მილიონი წლის წინ სახლობდნენ. ეს ფაქტი ჩვენს წინაპრებს უძველესი ევროპელების სტატუსს ანიჭებს და აძლიერებს ჰიპოტეზას ადამიანების საქართველოს ტერიტორიიდან დასავლეთის მიმართულებით მიგრაციის შესახებ.

არგონავტები

არგონავტების კოლხეთში მოგზაურობა, რომელთა მთავარი მიზანიც ოქროს საწმისის მოპოვება იყო, გარდა იმისა, რომ საიტერესო ეპიკური ისტორიაა, ფასეულ წერილობით ინფორმაციას გვაწვდის ძველი ქართული ტომების ძლევამოსილებისა და განვითარების შესახებ. ეს კიდევ უფრო ზრდის ამ ამბის მნიშვნელობას საქართველოს უძველესი ისტორიით და ანტიკური ხანით დაინტერესებული უამრავი ადამიანისთვის

მედეა

მედეა, ძველი კოლხეთის ძლევამოსილი მეფის, აიეტის ქალიშვილი და არგონავტების მეთაურის იასონის მიჯნური, მნიშვნელოვანი ფიგურაა ბერძნულ მითოლოგიაში. სწორედ მას უკავშირდება არგონავტების მიერ ოქროს საწმისის გატაცება და შემდგომ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. ასევე მის სახელთან ასოცირდება მედიცინის განვითარება და კიდევ არაერთი შთამბეჭდავი ისტორია, რომელთა ერთობლიობაც მედეას ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად აქცევს

დამწერლობა

ქართული დამწერლობა ერთერთი უძველესია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. 2016 წელს, ქართული ანბანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ის სამი განსხვავებული ფორმისგან შედგება, რომელთაგან თითოეული გამორჩეულ გრაფიკულ სტილსა თუ კონსტრუქციას ასახავს და ხაზს უსვამს საქართველოს მდიდარ ენობრივ და კულტურულ წარსულს.

როდესაც ქართულ დამწერლობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ „ვეფხისტყაოსანი“. პოემა, რომელიც ქართული ენისა და კულტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამორჩეულმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ შოთა რუსთაველმა მე-14 საუკუნეში შექმნა. პოემა, რომელიც სიყვარულისა და მეგობრობის ერთგვარ ჰიმნს წარმოადგენს დღეს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და დამსახურებულად ითვლება, არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად.

ქვევრის ღვინო

საქართველოში ღვინის დაყენება 8000 წლის წინ დაიწყეს. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ პირველი ქართული ღვინოები ქვევრში, იგივე თიხის ჭურჭელში ვარგდებოდა და ინახებოდა. ქვევრში ღვინის დაყენების ამ ქართულ, ტრადიციულ მეთოდს, 2013 წელს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართული

პოლიფონია

ქართულ კულტურაში ხალხურ სიმღერას უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. წლების განმავლობაში, ქვეყნის ენისა და კულტურის მუდმივად შევიწროვების ფონზე, პოლიფონიური სიმღერა საერო ტრადიციად ჩამოყალიბდა. „ჩაკრულო“ მრავალხმიანობის უმთავრესი მაგალითია. სწორედ ეს სიმღერა გასცდა მიწიერ საზღვრებს და 1977 წელს, ნასას მისიის ფარგლებში, კოსმოსში გაიგზავნა. იუნესკოს მიერ აღიარებულ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას შეუცვლელი ადგილი უჭირავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

ბუნება

საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი რამდენიმე კლიმატურ ზონას მოიცავს. ამ პატარა ქვეყანაში აღმოაჩენთ როგორც მყინვარებს, ასევე ზღვის ულამაზეს სანაპიროებს. ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამორჩეულია კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. საქართველო განსაკუთრებულად მიმზიდველია მოგზაურებისთვის, ვისაც ნაკრძალები, ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები აინტერესებთ.

gallery-image

ბახმარო

ეს ზღაპრული კურორტი სახელგანთქმულია საუკეთესო, თვალწარმტაცი ხედებით და მთისა და ზღვის შერეული სამკურნალო ჰავით.

gallery-image

გომის მთა

ნისლისა და ღრუბლების სამეფოში მზის ამოსვლით მიღებული ჯადოსნური შეგრძნებების სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია.

gallery-image

პალიასტომის ტბა

სიდიდით მესამე ტბა საქართველოში, მდიდარია თევზით და უნიკალურ ადგილს წარმოადგენს სანაოსნო მარშრუტების მოყვარულთათვის. ასევე გადამფრენ ფრინველებზე დამკვირვებელი მეცნიერებისთვის.

gallery-image

წვერმაღალა

გურიაში, 4 ჰექტარზე გაშენებული ეს ორიარუსიანი ტყე-პარკი, იდეალური ადგილია ჩიტების გალობისა და ჟღურტულის ფონზე განტვირთვისა და დასვენების მოყვარულთათვის.

gallery-image

მტირალას მთა

ეს უნიკალური სახელი, უხვი ნალექის გამო შეერქვა. ეს ტერიტორია მთელი ქვეყნის მასტაბით ყველაზე წვიმიანი ადგილია და მთლიანად აჭარის ტენიან ჰავაზე პასუხისმგებელიც სწორედ ისაა.

gallery-image

ურეკის მაგნეტიტი

ურეკის სანაპირო ზოლი მაგიური მაგნიტური ქვიშითაა დაფარული, რომლის სამკურნალო თვისებებიც ნებისმიერი ასაკის ადამინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.