ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი

17 თებერვალი 2017 19:00 პანტომიმის თეატრი
მშობიარობის უმძიმესი ტკივილებით გაჩნდა პოეტი ქვეყნად და კოლხი ქალის კირთები (რომელსაც ლამის მთელი სოფელი ეხმარებოდა, რომ ტკივილი შეუმსუბუქოს), სიმბოლური უვერტურაა იმ განწყობილების შესაქმნელად, რასაც მთელი წარმოდგენა ემსახურება-სევდა და ცრემლი არ შორდება ტერენტი გრანელის ეულ სვლას წუთისოფელის ოღროჩოღრო ბილიკებზე. „დაბადების“ პირველი ყვავილები და სიცოცხლის ხის გარშემო ანგელოზებთან ერთად პირველი თამაში მოსდევს. სიყრმის დღეების იდილიას ქუხილი და გრგვინვა ცვლის და იწყება მოზარდის პირველი შეჯახება თავისუფლების ხელყოფასთან (ცხენის დაურვება და დაჭერა). იქვე ჩასაფრებია მეოცნებე ყმას წუთისოფლის მძიმე განსაცდელი-მშობლიური სახლის დაწვა და მამის სიკვდილი. იწვის მამისეული სახლი და იფერფლება მარტოსულად შთენილი ყმაწვილის იმედიც. შემდეგი სურათი თბილისში ჩამოსვლაა. ოციანი წლების თბილისი... კაფე -- შანტანებით, დაბნეული მოქალაქეებით და დიდი ქალაქისათვის დამახასიათებელი გაუტანლობით. გაოცებით შესცქერიან „ამრევ,“ დაუდეგარ პოეტს, რომელიც უეცრად გაქვავდება და თითქმის სხეულიდანამოფრენას ცდილობს. თითქოსდა ამ აბურდულ ქალაქშიც იპოვა თავისი ადგილი. გაერიდა ხმაურს. ეულ კორდზე წვიმაა და ყვავილები... სასაფლაოს ხშირი სტუმარია. საფლავთა შორის წუთისოფლის მწარე გამოცანის ამოხსნას ცდილობს და ზოგჯერ ქრისტესკენ გაექცევა გრძნეული  თვალი. ხშირად ფოთლებივით ფანტავს თაყვანისმცემელ ქალიშვილთა შორის თავის დიდებულ ლექსებს და ფანჯრიდან გადმოღვრილ საოცარ სიმფონიებს ეწაფება.  და მოდის მრისხანე 1921 წლის 25 თებერვალი. ტერენტი გრანელი მამულის დამცველ იუნკერთა შორის ჩანს და იქ, კეთილისა და ბოროტის საბედისწერო ჭიდილში, მის თვალწინ ეცემა თეტრი გედი-მეოცე საუკუნის საქართველოს პირველი გმირი ქალი-მარო მაყაშვილი. ბოლშევიკური ყულფი ჩამოაცვეს ტერენტი გრანელის სამშობლოს. წითელვარსკვლავიანი ჯალათი იმას როდი სჯერდება, რომ მეამბოხე პოეტს ხალხისკენ გზასუღობავენ, მის ყოველ სიტყვაზე ყურს იხშობენ და პირზე ხელს იფარებენ, ჩეკა პოეტს აპატიმრებს და ისე ექცევა, როგორც ყველა დროს ყველა ხელოვანს ექცეოდა დესპოტურიხელისუფლება. კონსტანტინე არსაკიძის არსაკიძის ბედი გაიზიარა ტერენტი გრანელმაც და მისი წამებიდან ერთი ნაბიჯია გალაქტიონის თვითმკვლელობამდე. ხოლო ამ სულის შემძვრელი ფინალის საიდუმლო ტერენტი გრანელის მთელ შემოქმედებაში ძევს.